Sunday, January 4, 2015

შეხვედრა ედუარდ ტელერთან

Erice International Seminar on Planetary Emergencies
რამაზ გახოკიძე, ედუარდ ტელერი, 1991წ, იტალია, ქ. ერიჩე, მსოფლიო მეცნიერული კულტურის ცენტრის (მსოფლიო ლაბორატორიის) სემინარზე.

Erice International Seminar on Planetary Emergencies
სურათზე თქვენ „წყალბადის ბომბის მამად“ აღიარებულ ედუარდ ტელერთან ერთად ხართ გადაღებული. ხომ არ გაიხსენებდით ამ მომენტს და რას იტყვით ტელერზე? იგი ხომ ფანატიკოსი ანტიკომუნისტია და საბჭოთა კავშირის თითქმის არცერთ მეცნიერთან არ ჰქონდა ურთიერთობა. 

ედუარდ ტელერი სახელგანთქმული ფიზიკოსია, მრავალი პირველხარისხოვანი ნაშრომისა და თეორიის ავტორი. მისი წარსული მორალურად დიდი მეცნიერის შესახებ ჩვენს შეხედულებებს არ პასუხობს. იგი მონაწილეობდა ამერიკული ატომის ბომბის შექმნაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა წყალბადის ბომბი, მონაწილეობა მიიღო მასიური მოსპობის იარაღის, ე.წ. ნეიტრონული ბომბის შექმნაში. ტელერმა შექმნა „ატომური ლოკალური ომის“ კონცეფცია და დაამუშავა მიწისქვეშა ქალაქებისა და ქარხნების მშენებლობის გეგმა, რაც მისი ჩანაფიქრით უნდა დახმარებოდა შეერთებულ შტატებს კომუნიზმზე გამარჯვებაში. ამჟამად იგი მშვიდობისათვის მებრძოლთა რიგებშია ჩამდგარი. ტელერი ვირტუოზ პიანისტადაა ცნობილი. იგი იტალიაში გასულ წელს მსოფლიო ლაბორატორიის სემინარზე ჩემს მოხსენებას (რომელიც აგროეკოლოგიის პრობლემებს ეხებოდა) დაესწრო და რამდენიმე შეკითხვაც მომცა. შესვენებისას მასთან მივედი, საჩუქრად გადავეცი მცირე სუვენირი - ხანჯლის ფორმის ბურთულიანი ავტოკალამი და ხუმრობით ვუთხარი: „მოდით, გავცვალოთ - მე ხანჯალს მოგცემთ, თქვენ კი წყალბადის ბომბი მომეცით“. მან სერიოზულად მომიგო: „მე მომწონს ხანჯლებიც და წყალბადის ბომბებიც“. შემდეგ ხანჯლის ვადა გამოსწია და ხელში ავტოკალამი შერჩა. ძალიან გაუკვირდა. „ამით გისურვებთ - ვუთხარი - მრავალი ახალი იდეის შესახებ დაგეწეროთ. სხვათაშორის, ხშირად იდეა მთელი ქვეყნის ატომურ ბომბებზე მეტად საშიშია“. ამის გაგონებაზე გამხიარულდა და ჩვენი შეხვედრის აღსანიშნავად სურათი გადავიღეთ.

No comments:

Post a Comment