Saturday, January 29, 2011

"გზა ხსნისა"

ილია ჭავჭავაძე გაბრიელ ეპისკოპოსს მიიჩნევდა იმ გამორჩეულ სასულიერო მოღვაწედ, რომელიც "სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა". დაე, ეს ორი წმინდანი მფარველობდეს რამაზ გახოკიძეს, რომელმაც ცხოვრება თავის მეცნიერულ კვლევაში ხელოვნების სინატიფის, ხოლო ხელოვნებაში მეცნიერული ჭეშმარიტების დამყნობას მიუძღვნა და დღესაც ერთგული რჩება ლევ ტოლსტოის შეგონებისა:
"მეცნიერება და ხელოვნება ისევე არიან ერთურთს დაკავშირებულნი, როგორც ფილტვი და გული. ასე, რომ თუ სხეულის ერთი ორგანო დაზიანებულია, საჭიროებისამებრ ვერც მეორე გასწევს თავის ჭაპანს."

რამაზ გახოკიძე – პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (ცნობისათვის – თავის დროზე ყველაზე ახალგაზრდა დოქტორიქიმიკოსი), ასეულობით სამეცნიერო პუბლიკაციის, მონოგრაფიისა თუ სახელმძღვანელოს ავტორი, ათეულობით სამეცნიერო საზოგადოებისა თუ აკადემიის წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (პირველი – ქართველ ქიმიკოსთა შორის!), ქიმიური ეკოლოგიის ქართული სკოლის ერთერთი მესაძირკვლე, ამერიკის სოციოლოგიური გამოკვლევების ცენტრის მიერ ჩვენი საუკუნის ორი ათას ყველაზე გამორჩეულ მოღვაწეთა შორის მიჩნეული, სასწაულმოქმედი სამკურნალო პრეპარატების შემქმნელი... თუმც დროა შევჩერდე, რადგან სრულ ჩამონათვალს ძალზე ბევრი ადგილი დასჭირდება. ერთს კი აღვნიშნავ – ღრმად მჯერა, რომ ბატონი რამაზის შესახებ ტომეულები დაიწერება.

ამჯერად კი მის ერთერთ წიგნზე "გზა ხსნისა" მინდა ვისაუბრო. წიგნის გარეკანზე, ასო "გან"ის წრეწირში (სივრცისა და სიბრძნის ამ უძველეს სიმბოლოში) ავტორმა "მეცნიერება, ხელოვნება და აღზრდა" ჩაწერა, რითაც მიგვანიშნა, რომ სწორედ ამ სამ კოლოსს უნდა დაეყრდნოს კაცობრიობის მხსნელი თაღი.

მთლიანად წიგნზე ან მის ცალკეულ თავებზე ჩემი შეხედულებებით თავს არ შეგაწყენთ, მომყავს მხოლოდ ამონარიდები ამ საოცარი ნაშრომიდან. დაუჯერებელია, რომ მათი წაკითხვის შემდეგ ადამიანს მთელ წიგნთან გაცნობის სურვილი არ დაებადოს; იმედია მათ რიცხვში ახალგაზრდებიც აღმოჩნდებიან – მაშინ წიგნისა და მისი ავტორის მთავარი მიზანიც მიღწეულ იქნება – ახალგაზრდების ღირსეულ მამულიშვილად აღზრდის საქმეში მონაწილეობა. სწორედ ესაა ამ პოლიფონიური მოაზროვნისა და ჭეშმარიტი მოქალაქის მოღვაწეობის "ალფა" და "ომეგა". სიტყვამ მოიტანა და იმასაც დავძენ, რომ მის მიერ შექმნილი თბილისის უნივერსიტეტის ჰიმნიც იგივე საქმეს ემსახურება ლეთარგიიდან გამოიყვანოს და პატრიოტულ ნოტზე ააჟღეროს ქართველი გოგო-ბიჭების სულის სიმები. მაშ, ასე – "გზა ხსნისა".

* * *

"ბუნების სიყვარული ადამიანის მოქალაქეობრივ სახეს და მის შემოქმედებით სიმართლეს განსაზღვრავს.
"სიმართლე ბრძენთა ცხოვრება არს სოფლისა". მხოლოდ გონების პრიორიტეტს ძალუძს დღეს კაცობრიობის ხსნა და განვითარება.

თითოეულმა ქვეყანამ მეცნიერება, პირველ რიგში, უნდა განავითაროს ბუნებრივ რესურსთა, ეროვნულ და ისტორიულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
წარსული ის კი არაა, რაც გავიარეთ, დავცილდით და სამუდამოდ დავტოვეთ, არამედ ის გარემოა, სადაც ვცხოვრობდით, ყალიბდებოდა მომავალ თაობათა გენები, სადაც ვთესავდით, მის ნაყოფს კი დღეს ვიმკით. დღევანდელობაც წარსულია ხვალინდელი დღისათვის.

ბუნებასთან ურთიერთობის კულტურა თავისთავად კი არ მოდის. იგი მიზანმიმართული საგანმანათლებლო, ორგანიზაციული, აღმზრდელობითი მუშაობის შედეგია. ბუნებასთან ურთიერთობა პირველ რიგში ზნეობრივი და ესთეტიკური პრობლემაა. საქმე ეხება არა იმდენად გარემოსადმი ადამიანის დამოკიდებულებას (ეს შედეგია), რამდენადაც მის სულიერ, ზნეობრივ სფეროს.
გაჭუჭყიანებისაგან ბუნების დაცვა სინდისის გაწმენდით უნდა დავიწყოთ.
მეცნიერი პირველ რიგში, სულიერი კულტურის გენერატორი უნდა იყოს და არა გენიალური იარაღი ვიღაც პოლიტიკური ავანტიურისტის ხელში.

ჩვენი მრავალი პრობლემა, მათ შორის ეკოლოგიურიც, ადამიანთა უზნეობის პირდაპირი შედეგია.
ადამიანი ბუნების ნაწილია და როგორც არ უნდა მოიხმაროს იგი საკუთარი მიზნებისთვის, მაინც იძულებულია თავისი ყოფა შეუგუოს მის კანონებს. არა ბუნების დაპყრობა, არამედ ბუნებისა და საზოგადოების ერთობლივი ჰარმონიული განვითარება – აი, ხსნის ერთადერთი გზა. სხვაგვარად კაცობრიობას გადარჩენა არ უწერია.

ყველა თაობას ჰყავს ისეთი ადამიანები, თავიანთი რწმენისათვის მზად რომ არიან კოცონზე დასაწვავად და ისეთებიც, შეშას რომ უმატებენ კოცონს, იქნებ მისი ალით გავთბეთო. ეს შუბლზე არავის აწერია, ეს სულებშია ჩამალული მანამ, სანამ მწუხრის ჟამი არ დაჰკრავს. ასეთმა ჟამმა, საუბედუროდ, ბევრჯერ ჩამოჰკრა.

ქართველ კაცს, თავის მხრივ, არ ჰყოლია მიწაზე ერთგული მოკავშირე, დამცველი და მეგობარი. რამდენი სისხლი დაღვრილა მისთვის. იგი იმიტომ იღვრებოდა, რომ საქართველო მარადის თავისუფალი ყოფილიყო.
ბუნების დაცვა ადამიანისა და ბუნებას შორის ჰარმონიის დამყარებაა. პოეზიის მიზანიც სამყაროში ჰარმონიის აღმოჩენა და შეტანაა. პოეზიაც ხომ ეკოლოგიაა, სულის ეკოლოგია.

ჩერნობილის მოვლენების შემდეგ პრინციპულად ახალი ერა დაიწყო არა მარტო კაცობრიობის, არამედ პლანეტის ბიოსფეროს არსებობაში. ავარიის შედეგების ლიკვიდაცია დღეს შეუძლებელია. ბიბლიაში მოცემულია ატომური კატასტროფის სურათი და მითითებულია ადგილსამყოფელი: "მესამე ანგელოზმა დაუკრა ბუკი და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი. გახურებული ჩირაღდანივით იწვოდა და დავარდა მდინარეების მესამედ ნაწილზე და წყალთა წყაროებზე. ამ ვარსკვლავის სახელი იყო აბზინდა; და წყლების მესამედი ნაწილი აბზინდად იქცა და დიდძალი ხალხი დაიხოცა წყლებისაგან, ვინაიდან მწარე გახდნენ ისინი" (გამოცხადება იოანესი, 8:10,11). აბზინდა შხამიანი მცენარის სახელწოდებაა. მას ძველსლავურად "ჩერნობილი"ეწოდება.
ჩვენი დედამიწა, მიუხედავად მრავალთა კეთილგანზრახვისა, კვლავაც დაიტანჯება დიდხანს, ვიდრე ბრძოლას არ შევწყვეტთ და არ მოვაგვარებთ ადამიანთა შორის ურთიერთობებს საზოგადოებაში. მაშინ კი მიწის შვილებს კვლავაც დაგვიბრუნდება მაცოცხლებელი ძალა მტერთა ძლევისა.

მეცნიერებას მხოლოდ ის თეორიები შემორჩა, რომლებიც გამოირჩევიან სიცხადით, ლოგიკურობით და, შეიძლება ასეც ვთქვათ, იმ სილამაზით, რომლებიც პასუხობენ მკვლევარის ესთეტიკურ გრძნობას. აი, სწორედ ეს მომენტი აახლოებს მეცნიერებას ხელოვნებასთან.

შემოქმედების შინაგანი მოთხოვნილება მეცნიერს ხელოვანთან აახლოებს არა მარტო ფსიქოლოგიურ, არამედ ესთეტიკურ პლანშიც. მეცნიერება, ისევე, როგორც ხელოვნება, ბევრადაა დამოკიდებული პიროვნების შთაგონებასა და ორიგინალობის ხასიათზე.

ხელოვნება და ზუსტი ცოდნა სამყაროს შემეცნების ორი სხვადასხვა წესია.
მხატვარი, თუ იგი ჭეშმარიტია და არა უნიჭო ხელოსანი, აქვს ტალანტი, გული და ჭკუა, უფრო ღრმად აღიქვამს სამყაროს, ვიდრე ყველაზე სრულყოფილი აპარატი.
ჩვენს დროში სამეცნიერო თეორიათა პოეტური განზოგადება ეპიზოდურად გვხვდება. იშვიათად თუ მოინახება თანამედროვე პოეტთა მეტნაკლებად შესატყვისი სტროფები. მეცნიერული აზროვნება ლომონოსოვისათვის პოეზიის საგანს წარმოადგენდა, პოეზია კი მეცნიერებაში აზროვნების ერთერთ ხერხს.
შექსპირმა, გოეთემ, ბალზაკმა და ტოლსტოიმ მეცნიერებას შესძინეს ადამიანის ფსიქოლოგიის მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტები. დოსტოევსკი სამხედრო ინჟინერიც იყო. ვოლტერის წიგნებში ლექსებთან ერთად მოცემულია მზის გარშემო პლანეტების მოძრაობის ამსახველი ნახაზები. დანტე მეაფთიაქე იყო. პასტერის ნახატები დღესაც ამშვენებს პარიზის მუზეუმს.
ვიწრო ტექნიკური სპეციალიზაცია, ადრე თუ გვიან, მარტივ ხელოსნურ ჟონგლიორობამდე მიგვიყვანს. მხოლოდ საკუთარი პროფესიით შემოფარგვლას "პროფესიული კრეტინიზმი" უწოდეს.
ერთმა, ნამუსთან მწყრალად მყოფმა ქალმა სოკრატეს უთხრა: "რას დადიხარ და იკვეხნი შენი მოწაფეებით? საკმარისია მათ თითი დავუქნიო, მიგატოვებენ და ჩემსკენ გამოიქცევიან". სოკრატემ მიუგო: "შესაძლებელია, შენ ხომ მათ ქვევით ეპატიჟები, რაც ძალზე იოლია. მე კი მათ მწვერვალებისაკენ მოვუხმობ, ეს კი ფრიად ძნელი საქმეა."
ჭეშმარიტ პოეზიას არ მოაქვს არავითარი კონკრეტული სარგებლობა. მისი მიზანია სამყაროში ჰარმონიის აღმოცენება და შეტანა. მაგალითად, სატრფიალო ლირიკა არ იძლევა რეცეპტებს, რომელთა საშუალებით შეიძლებოდეს სიყვარულში წარმატების მიღწევა, მაგრამ იგი ამ ბუნებრივ გრძნობაში გვიმჟღავნებს ადამიანთა მოდგმის გაგრძელებას, ინსტინქტისა და ტკბობისაგან სრულიად განსხვავებულ რამეს სიყვარულის რომანტიკას.
საქმის, არჩეული სპეციალობის შეყვარება, ისევე, როგორც სხვა ადამიანის ძალით შეყვარება, თითქმის შეუძლებელია. როცა ტაძრის აგებისას მშენებლებს ჰკითხეს, თუ რას აკეთებენ, ერთმა უპასუხა: "ხელურიკით ქვებს დავათრევ, ეშმაკმა დალახვროს"; მეორემ თქვა: "ცხოვრების სარჩოს ვშოულობ"; მესამემ კი ამაყად მიუგო: "მე ტაძარს ვაშენებ!"
ადამიანის ყველაზე დიდი სილამაზე სამართლისადმი მისი მისწრაფებაა. მშვენიერია ადამიანი, ვისთვისაც შრომისმოყვარეობა ბუნებრივი მდგომარეობაა".

* * *

ამ ციტატაზე ვჩერდები, რადგანაც იგი ადექვატურად ასახავს ბატონი რამაზის ხასიათის ორ უმნიშვნელოვანეს ნიშანთვისებას. ჯონ გოლზუორთი წერდა:
"რელიგიის გარეშე მყოფ ადამიანს ყოველთვის ეჩვენება, რომ ქვეყნად არაფერს არ აქვს მნიშვნელობა".
სწორედ ღვთის რწმენა, ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრების წესი აძლევს ბატონ რამაზს ძალას გასწვდეს უამრავ საქმეს: იყოს წიგნიერებისა და სულიერი სრულყოფის მქადაგებელი და ცოცხალი მაგალითი, თესოს სიკეთე, გვერდში დაუდგეს ადამიანებს და დაეხმაროს უმთავრესი დილემის გადაჭრაში, რომელიც საოცრად ლაკონურად დააფორმულა ორმა გენიოსმა:
"ადამიანისთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა არ იცოდეს, ვინ არის სინამდვილეში" (მ. მამარდაშვილი, "გზის ფსიქოლოგიური ტოპოლოგია").

"მხოლოდ მან ერთმა იცოდა, რომ მისი განუკითხავი გული განწირული იყო ურწმუნოების მარადიული ტანჯვისათვის" (გ. მარკესი, "მარტოობის ასი წელი").
დასასრულ, ბატონ რამაზის წიგნზე ჩვენი სახელოვანი მწერლის ბატონ რევაზ ჯაფარიძის აზრს გავაცნობ მკითხველს (ამით ერთგვარად გამოვეხმაურები წიგნის პათოსს შევაპირისპირებ ერთი და იგივე ობიექტის ხედვის სპეციფიკას ქიმიკოსისა და მწერლის თვალით):
"უპირველეს ყოვლისა, მომხიბლა ავტორის პიროვნებამ, მისმა ღრმა განსწავლულობამ, ინტერესთა ფართო წრემ, უზადო ლოგიკური მსჯელობის უნარმა, პროფესიონალიზმმა, რაც დღეს ჩვენში სანთლით საძებარია. თქვენი ორგანული ქიმია ჩემთვის ცოცხალ არსებად იქცა. თანამედროვე მსოფლიოს ეკოლოგიურმა სურათმა კი თავზარდამცემი შთაბეჭდილება მოახდინა. თქვენ მიერ დახატული სურათი ისე გრანდიოზული და ყოვლისმომცველია, რომ იგი თავისთავად გადადის ფილოსოფიურ განზოგადებაში. ამიტომაც ბუნებრივია და არა თვითმიზანი ფილოსოფიის სამყაროში შეჭრა. თქვენ იქაც ისევე შინაურ კაცად გამოიყურებით, როგორც ორგანულ ქიმიაში. ასევე დამაჯერებელი და ბუნებრივია უშუალო კავშირის დამყარება პედაგოგიკასთან, ესთეტიკასთან და გადასვლების მიკვლევა ცნებით აზროვნებასა და სამყაროს მხატვრულ აღქმას შორის."

P.S. კაცობრიობის ერთერთი უდიდესი გენიოსი ალბერტ აინშტაინი წერდა:
"ინტელექტუალური მიღწევები დამოკიდებულია სულის სიდიადეზე, რომელიც, ჩვეულებრივ, უცნობი რჩება".
ამით ყველაფერია თქმული!

მიხეილ გვერდწითელი,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პრფესორი

 

No comments:

Post a Comment