Saturday, January 29, 2011

რეცენზია - რამაზ გახოკიძის IX კლასის სახელმძღვანელოზე "ქიმია"

პროფესორი რამაზ გახოკიძე სარეცენზიო სახელმძღვანელოს შესავალში წერს:
"ყველა ფუნდამენტური საბუნებისმეტყველო მეცნიერება – ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია, მათემატიკასთან ერთად, ტექნიკური პროგრესის საფუძველია. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქიმიას. ქიმიამ ათასწლეულის განმავლობაში უდიდესი გავლენა იქონია ცივილიზაციის განვითარებაზე. ქიმიის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია."

ავტორის ეს სიტყვები წარმოადგენს ამ წიგნის ლაიტმოტივს. სკოლის მოსწავლემ უნდა შეიყვაროს ქიმია, გაერკვეს ამ საოცარი მეცნიერების კანონზომიერებაში და მომავალში, ქიმიკოსის პროფესიას თუ არც აირჩევს, ქიმიის როლი ყოველთვის ახსოვდეს. სწორედ ასეთი სახელმძღვანელოების მკვეთრი აუცილებლობაა საქართველოში დღესდღეობით, რადგან საბუნებისმეტყვლო მეცნიერებები (და მათ შორის ქიმიაც) რატომღაც გერის როლში აღმოჩნდა, როგორც საშუალო სკოლაში, ისევე უმაღლესი განათლების სისტემაში.

წიგნი მაღალ მეცნიერულ და მეთოდურ დონეზეა დაწერილი. იგი შედგება ოთხი თავისგან: I. ელექტროლიტური დისოციაცია; II. მეტალები და მათი შენადნობები; III. ორგანული ქიმია; IV. სოფლის მეურნეობის ქიმიზაცია.
განსაკუთრებით ორიგინალურია IV თავი, რომელსაც აშკარად ეტყობა დიდი ქიმიკოსის ხელწერა – ათწლეულების განმავლობაში ბატონმა რამაზმა შექმნა მცენარეთა ზრდის ახალი რეგულატორები – ბიოენერგო-აქტივატორები, რომელთაც პრაქტიკაში გამოიყენება და უზარმაზარი პერსპექტივა გააჩნიათ. ამ საკითხებისადმი მიძღვნილ პარაგრაფში ავტორი თვალსაჩინოდ აჩვენებს მოსწავლეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მცენარეთა პოტენციური შესაძლებლობის გაზრდით ეკოლოგიურად სუფთა მოსავლის მიღება, რომ სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის ეკოლოგიური პრობლემების – ჩვენი დროის უმთავრესი სატკივარის – ეფექტურად გადაჭრის საშუალებას.

სახელმძღვანელო თავისი ორიგინალობით განსხვავდება სხვა სახელმძღვანელოებისაგან, როგორც შესასწავლი მასალის მეცნიერული ანალიზით, ისე ეროვნული და ისტორიული წიაღსვლების გადმოცემის თვალსაზრისით, რაც ძალზედ მიმზიდველს ხდის საგნის შესწავლას.
მიმაჩნია, რომ ამ სახელმძღვანელოს დანერგვა სასწავლო პროცესში ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ძალზე ქმედით დახმარებას გაუწევს; ყველაფერთან ერთად, ჩამოუყალიბებს მათ შემოქმედებითი აზროვნების უნარჩვევებს.

მიხეილ გვერდწითელი,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პრფესორი

 

No comments:

Post a Comment