Tuesday, December 7, 2010

„ბიორაგმა" ივანე ჯავახიშვილის დარგული ვაზი გამოაცოცხლა

არსებობს თუ არა რაციონალური კავშირი მეცნიერებასა და ხელოვნებას შორის? ამ კითხვაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის მიმართულების პროფესორი რამაზ გახოკიძე ერთმნიშვნელოვან პასუხს იძლევა: "არსებობს, რადგან ორივე ერთი ფესვიდანაა აღმოცენებული. არც ისე დიდი ხანია დასრულდა დისკუსიათა ვის მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ლირიკოსებს თუ ფიზიკოსებს, ან საჭიროა თუ არა კოსმოსში იასამნის რტო?... ამ კითხვებზე მათ თავად ცხოვრებამ გასცა პასუხი, რადგან დადგინდა, რომ თანამედროვე მეცნიერებას ხელოვნების გარეშე არსებობა და განვითარება არ შეუძლია".

"მეცნიერება და ხელოვნება – ეს ორნი ერთ და იგივეს მსახურებენ: აზრის მოძრაობას; ერთ და იგივეს გამოსთქვამენ: ხალხის აზრსა, და თუ რაშიმე განირჩევიან, მხოლოდ იმაში, რომ სხვადასხვა გზით და სხვადასხვანაირად მოქმედობენ და გამოსთქვამენ".
ილია ჭავჭავაძე


 ილიას ეს სიტყვები ჯერ კიდევ საუკუნენახევრის წინ დაიწერა...

ცოტა მოგვიანებით კი ალბერტ აინშტაინმა დაადასტურა, რომ "მეცნიერულ აზროვნებას ყოველთვის თან ახლავს პოეზიის ელემენტი, რადგან ნამდვილი მუსიკა და ნამდვილი მეცნიერება ერთნაირ აზროვნებით პროცესს მოითხოვს."

მოსაზრებათა თანხვედრა შემთხვევითი არაა. ნებისმიერ იდეას, რაც უნდა პრაგმატული იყოს იგი, ერთნაირად სჭირდება შემოქმედებითი მიდგომაც და აზროვნების ფართო დიაპაზონიც. ამის დასტურია მაგალითები, როცა მეცნიერებასა და ხელოვნებას ერთდროულად უხდიდნენ ხარკს დიდი მოაზროვნეები: ლეონარდო და ვინჩის მხატვრული ტილოები და გამოგონებები თითქოს ერთ ჩარჩოში არ თავსდება, მაგრამ სამყაროს მისეული ხედვა თანაბარი სიცხადით აისახა როგორც ფერწერაში, ასევე, საფრენი აპარატის მოდელსა თუ სხვა სამეცნიერო კვლევებში; კომპოზიტორი ალექსანდრე ბოროდინი კი პირდაპირ დიდი ქიმიიდან გადასახლდა მუსიკის სამყაროში...

პროფესორი რამაზ გახოკიძე და "წყალბადის ბომბის მამად" წოდებული პროფესორი ედუარდ ტელერი
თავად ბატონი რამაზის მრავალმხრივი მოღვაწეობაც ამასვე ადასტურებს. ის შეყვანილია XXI საუკუნის უდიდეს მოაზროვნეთა სიაში და მსოფლიოში სავსებით სამართლიანად მიიჩნევენ დიდ მეცნიერად მუსიკოსთა შორის და დიდ მუსიკოსად მეცნიერთა შორის...

დიდი მეცნიერი მუსიკოსთა შორის...

რამაზ გახოკიძე დაიბადა ცნობილი მეცნიერ-ქიმიკოსის აკაკი გახოკიძის ოჯახში, სადაც აღზრდის მთავარ პრინციპად მიიჩნეოდა ცოდნა, რომელსაც კულტურა, ინტელექტი და ზნეობა ეყრდნობოდა... ფარმაციის დოქტორი, პროფესორი რევაზ სხილაძე იხსენებს, რომ ბატონი აკაკი იყო პირველი ქართველი, რომელმაც ორგანულ ქიმიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: "თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ დარჩენილა ქიმიაში დარგი, რომელსაც ბატონი აკაკის გონება და კალამი არ შეხებოდა. ჩემთვის, როგორც ფარმაცევტისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბატონმა აკაკიმ ხსნადი გახადა ისეთი სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ასპირინი და სტრეპტ ოციდი. მის მიერ დამუშავებული პროექტი დაედო საფუძვლად აგარის შაქრის ქარხნის ამუშავებას. მანვე დაასაბუთა, რომ ნავთობი ბუნებაში წარმოიქმნება ნახშირწყლებისგან, რაც ახალი სიტყვა იყო მეცნიერებაში. ეს თეორია წლების შემდეგ კანადელმა მეცნიერებმაც დაადასტურეს. მანვე პირველმა დაიწყო საქართველოს ნავთობის (მირზა, შირაქი, სუფსა) ქიმიური შედგენილობის შესწავლა. მის მიერ აღმოჩენილია ნახშირწყლების ახალი კლასის ნივთიერებათა სინთეზი, რომელიც მსოფლიო სამეცნიერო ლიტერატურაში "გახოკიძის სინთეზის" სახელითაა ცნობილი." - იხსენებს რევაზ სხილაძე.

ალბათ, ოჯახური ტრადიციაც იყო მიზეზი იმისა, რომ ბატონ რამაზს სპეციალობის არჩევაზე არ უფიქრია მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ოქროს მედლით დაამთავრა და ასეთივე წარმატებით შეეძლო მეცნიერების სხვა დარგებშიც გამოეჩინა თავი.

მერე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი... ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა და ამერიკის შეერთებული შტატების ჰიუსტონისა და ვესტ ლაფაეტის უნივერსიტეტების დოქტორანტურა. ის გახლავთ თსუ-ის ბიოორგანული კათედრის და ლაბორატორიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, არის ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის და უცხოეთის მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ამერიკისა და საქართველოს ღირსების ორდენების კავალერი. მანვე შემოიტანა ახალი სასწავლო საგანი "ქიმია და ცივილიზაცია", რომელმაც სტუდენტთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.

რუტინა

რამაზ გახოკიძემ დაადგინა ნახშირწყლების მოლეკულური გადაჯგუფების ახალი ტიპი (გახოკიძის გადაჯგუფება); დაამუშავა ცოცხალი უჯრედის მართვის (თვითორგანიზაციის) გზები, რაც ორგანიზმის პოტენციურ შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოვლენის საშუალებას იძლევა; შექმნა ბიორეგულატორების ახალი ტიპი – ბიოენერგოაქტივატორები ("ბიორაგი", "რაგოცინი", "ლუკრეაზინი"), რომლებსაც მსოფლიოში ანალოგები არ გააჩნიათ; მისივე ძალისხმევით შეიქმნა მაღალეფექტური სამედიცინო დანიშნულების პრეპარატები ("ვიტარაგი", "რამერი", "რამსელი")...

ერთი ადამიანისთვის, სხვა სამეცნიერო კვლევებთან და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად, მხოლოდ ეს ჩამონათვალიც კი კოლოსალური ღვაწლია მეცნიერებაში, მაგრამ, როგორც შემოქმედს, ბატონ რამაზს მიღწეული არასოდეს აკმაყოფილებს. დღეს მისი მეცნიერული ინტერესი შეეხება საქართველოს ბუნებრივი ნედლეულის გამოყენებას ძვირფასი ქიმიური პრეპარატების მისაღებად; ბიოკოორდინაციულ ნაერთთა სინთეზს, ნახშირწყლების ქიმიურ მოდიფიკაციას, ახალი სამკურნალო პრეპარატებისა და ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალი თაობის პრეპარატების შექმნას.

"ბიორაგის" სასწაული

მსოფლიოში დღემდე ცნობილი არ არის ისეთი პრეპარატი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია ერთდროულად მოსავლიანობის ზრდაც და ეკოლოგიურად სუფთა, მაღალხარისხოვანი მოსავლის მიღებაც. რამაზ გახოკიძის მიერ მიგნებულ ფორმულას, რომელიც პრეპარატ "ბიორაგს" დაედო საფუძვლად, სწორედ ეს თვისებები აღმოაჩნდა.

გიორგი მაჭარაძე, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი: "10 წლის წინ ჩავატარეთ ექსპერიმენტი ლანჩხუთში, რომელიც ძირითადად შეეხებოდა "ბიორაგის" გავლენას სიმინდის მოსავლიანობასა და ხარისხობრივ ზრდას. ნიადაგზე, სადაც ექსპერიმენტი ჩავატარეთ, 1 ჰექტარზე მხოლოდ ტონანახევარი მოსავალი მოდიოდა. "ბიორაგის" გამოყენების შემდეგ გაიზარდა როგორც მოსავლიანობა (მიაღწია 20 ტონას), ასევე, მდგრადობა ბუნებრივი პირობებისადმი. როგორც საზღვარგარეთის ლაბორატორიებმა დაამტკიცეს, "ბიორაგით" დამუშავების შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება პროდუქტის ქიმიური ხარისხობრივი მაჩვენებლები, მაგალითად, ლიზინისა – 80 პროცენტით, ვიტამინებისა – 60 პროცენტით და ა.შ. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ასეთი ნათესების შემდეგ მცენარე თავად ახერხებს აზოტფიქსაციას ჰაერიდან".


ბატიბუტი და საზამთრო; სოფელ კუმისში (დამლაშებულ ნიადაგზე) მოყვანილი საზამთრო დამუშავებულია "ბიორაგით" (დამუშავებული ზემოთ, დაუმუშავებელი ქვემოთ)
ჟორა გაბრიჭიძე, მეურნე: "3 წლის წინ, როცა ამ ხსნარის არსებობის შესახებ გავიგე, დავუკავშირდი ბატონ რამაზს, გავეცანი "ბიორაგის" თვისებებს, და გადავწყვიტე, რომ მეცადა მისი გამოყენება კუმისის დამლაშებულ ნიადაგზე. ჩემი მიზანი გავაცანი შავნაბადას მონასტრის წინამძღვარს მამა შიოს, რომელიც დაინტერესდა და დასამუშავებლად 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დამითმო.

ამ ხსნარის გამოყენების შედეგად - თუ ერთ ჰექტარზე 300-380 კილო ხორბალი ითესებოდა და ორ ტონა მოსავალს ვიღებდით, "ბიორაგის" გამოყენების შემდეგ იგივე ფართობზე მხოლოდ 25-50 კილოგრამი თესლი დავთესეთ და 12-14 ტონა მოსავალი მივიღეთ. პრეპარატის ყველაზე დიდი სარგებელი ისაა, რომ მსოფლიოში არსებულ ყველა პრეპარატთან განსხვავებით ეკოლოგიური და ეკონომიურია, რადგან მხოლოდ თესლის ჩალბობაა საჭირო".

"ბიორაგს" გამოყენებით ყურძენსა და შაქრის ჭარხლის მოსავლიანობამ ჰექტარზე 250 ტონას მიაღწია და შაქრიანობა 22,5 პროცენტამდე გადიდდა, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა მსოფლიოში.

ჟორა გაბრიჭიძე: "წებოგვარა – ეს არის პურის ხარისხის ძირითადი მაჩვენებელი. გინახავთ, როგორ იფხვნება პური დაჭრის დროს? ეს იმის შედეგია, რომ მას წებოგვარა არ ჰყოფნის... მხოლოდ კანადაში და ყაზახეთში მოდის ისეთი ხორბალი, რომელის წებოგვარის შემცველობა მაღალია (25-30 პროცენტი). ჩვენ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად, თუ საკონტროლო ხორბლის მარცვალს წებოგვარა 17 პროცენტი ჰქონდა, "ბიორაგის" გამოყენების შემდეგ მისმა მაჩვენებელმა 43 პროცენტს მიაღწია. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ერთი ტონა დამუშავებული ხორბალი 3 ტონა უხარისხო ხორბალში შევურიოთ და ნორმალური პურცხობის ფქვილი მივიღოთ".

ასეთივე მაჩვენებელი აქვს შაქრის ჭარხალზე ჩატარებულ ექსპერიმენტსაც. ზოგადად, შაქრის ჭარხლისთვის 16-17 პროცენტი შაქრიანობის მაჩვენებელი კარგია (უკრაინაში ეს მაჩვენებელი 14-15 პროცენტს აღწევს, რუსეთში 12-13-ს, ხოლო საქართველოში - 14-15-ს). თუ საკონტროლო ჭარხალს ეს მაჩვენებელი 13,5 პროცენტი ჰქონდა, "ბიორაგით" დამუშავების შემდეგ მან 22,5 პროცენტს მიაღწია.

ბატონი რამაზის თქმით, ამ პრეპარატის დახმარებით აღადგინეს ხორბლის ძველქართული საუკეთესო აბორიგენული ჯიშები: დოლის პური, თეთრი დოლი და დატოტვილი.

"ბიორაგი", გარდა იმისა, რომ ეკოლოგიურად სუფთაა, წელიწადში ორმოსავლიანობის შესაძლებლობასაც იძლევა. მაგალითად მოგიყვანთ უნივერსიტეტის ეზოში მდგარ "იზაბელას" ჯიშის ვაზს, რომელიც, სამწუხაროდ, რემონტის გამო მოჭრეს. ის თითქმის გამხმარი იყო და როცა ფესვებში ჩავასხით "ბიორაგი", გამოცოცხლდა და მეორე წელს უკვე ორი მოსავალი მოგვცა. დეკემბერში მოვკრიფეთ 2 ტონანახევრამდე ყურძენი, რომელიც შაქრიანობის დიდი მაჩვენებლით (24 პროცენტი) გამოირჩეოდა.

აქ კიდევ ერთ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება. საქართველოს ნიადაგი 100 პროცენტიანი სელენდეფიციტური და 80 პროცენტიანი იოდდეფიციტურია. აქედან იღებს სათავეს ჩიყვი, მამაკაცთა სქესობრივი უძლურება, ბავშვთა კრეტინიზმი, გულის კარდიომიოპატიური დაავადებები, რაც ინფარქტს და ინსულტს იწვევს. "ბიორაგის" დახმარებით მიღებულ პროდუქტებში, მაგალითად, სიმინდში, იოდის შემცველობა 960 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სელენისა – 200 პროცენტით. ეს დაადასტურეს საზღვარგარეთის მაღალრეიტინგულმა სამეცნიერო ლაბორატორიებმაც", - გვითხრა ბატონმა რამაზმა, რომელსაც ახალი გეგმები აქვს ამ პრეპარატის მსოფლიო ბაზარზე გასატანად.

წლების წინ მისი პრეპარატის დახმარებით გამოყვანილი ვერცხლისფერი ნაძვი დაირგო რომში. დღეს ის უკვე 5 კილომეტრიანი ხეივანია და მას იტალიელებმა "თბილისის ხეივანი" უწოდეს. ამჯერად ამ პრეპარატით დაინტერესდა აშშ-ის კალიფორნიის შტატის გუბერნატორის, არნოლდ შვარცენეგერის ადმინისტრაცია, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ხანძრის შედეგად განადგურებულ ტყის ფართობზე ბიორაგით დამუშავებული ნერგები დარგონ.

მეცნიერები ასკვნიან, რომ ეს პრეპარატი სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. იგი ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას და ხელს უშლის დაბერების პროცესს. ეს კონცეფცია საფუძვლად დაედო სამედიცინო პრეპარატების შექმნასაც. დღეისთვის მათ "ვიტარაგის" და "რამერის" სახელით იცნობენ, უკვე გაიარეს აპრობაცია და წარმატებით გამოყენება სამედიცინო პრაქტიკაში.

"ვიტარაგი" ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გრიპის პროფილაქტიკისთვის, კურნავს პაროდონტოზს, წითელ ქარს, სოკოვან დაავადებებს... არსებობს მთელი რიგი სპეციალისტების დასკვნა, მაგალითად, აკადემიკოს სიმონ ხეჩინაშვილისა, რომ იგი, წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნას რინიტების სამკურნალოდ.

რაც შეეხება "რამერს", ის ხელს უწყობს ღვიძლის დაავადებების, მაგალითად, C ჰეპატიტის შედეგიან მკურნალობას.

ერთ საგაზეთო წერილში ბატონი რამაზის მეცნიერულ მიღწევებზე ამომწურავად საუბარი შეუძლებელია, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით სტუდენტების დამოკიდებულებას მისი ლექციებისადმი. მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის მიმართულების მაგისტრანტმა მიხეილ დოროშენკომ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ რამაზ გახოკიძის ლექციებს სტუდენტები არასოდეს აცდენენ, რადგან აქ მარტო ქიმიაზე კი არა, ქიმიის, როგორც მეცნიერების, მსოფლიო კულტურასთან და ფილოსოფიასთან მიმართებაზეც საუბრობენ.

... და დიდი მუსიკოსი მეცნიერთა შორის

მუსიკა ის სფეროა, რომელიც ბატონი რამაზ გახოკიძისთვის მეცნიერებისგან განყენებულად არ არსებობს. მისთვის ქიმიური ფორმულების სიმფონია ცალკე ფენომენია და ეს არ არის უბრალოდ ნათქვამი ფრაზა _ წლების წინ მან ცილების "მუსიკალური" გაშიფრვა შეძლო. ვერ გეტყვით, რომ ზუსტად მივხვდით, რა პრინციპით მოახერხა ამინომჟავათა შეფარდება მუსიკალურ ნოტებთან, მაგრამ როგორც თავად აგვიხსნა, თითოეულ ამინომჟავას ნოტი შეესაბამება და ცილების ტრანსკრიფციის მუსიკალურ ენაზე გადატანა შეიძლება. გაშიფრვის შემდეგ ორგანიზმის ცილები შეიძლება აჟღერდეს, ვთქვათ, როგორც ბახის ფუგა. "მაშინ არ დამიჯერეს და წლების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე საუკუნის სენსაციად მოინათლა "მუსიკალური" კოდის გაშიფრვის პრინციპი, რომელიც მე დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე", - ამბობს ბატონი რამაზი და გაოცებულებს კიდევ უფრო კონკრეტულად გვიხსნის, რომ ყველა ადამიანს თავისი მუსიკალური კოდი აქვს და რომ კომპიუტერის მეშვეობით მისი გაშიფრვა შეიძლება: "ამ პრინციპით წინასწარ ისაზღვრება რა დაავადებისადმი აქვს ადამიანს მიდრეკილება. მედიცინა ამ დიაგნოსტიკურ საშუალებას ჯერ კიდევ ვერ ფლობს, მე კი ამას სცენარში, ანუ პარტიტურაში ვკითხულობ და ესაა ადრეული დიაგნოსტიკა. ამავე მეთოდით შეიძლება განისაზღვროს ადამიანის ფსიქოტიპიც. თუ, მაგალითად, თქვენი ცილა ჟღერს, როგორც "ჩაკრულო" და ხოლო პარტნიორისა, როგორც მძიმე როკი, შეუთავსებელი ხართ".

"ალექსანდრეს" კვარტეტის კონცერტზე - მიხეილ სააკაშვილი და რამაზ გახოკიძე

"ალექსანდრეს" კვარტეტის კონცერტზე - მიხეილ სააკაშვილი და რამაზ გახოკიძე

ადვილი არ იქნებოდა ამის დაჯერება, მაგრამ როდესაც რამაზ გახოკიძის მუსიკალურ პორტრეტსაც გაეცნობი, იძულებული ხარ, ირწმუნო.

იგი გახლავთ 100-ზე მეტი ვოკალური, საგუნდო, ინსტრუმენტული და სომფონიური ნაწარმოების ავტორი. მის სიმღერებს ასრულებდნენ ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, მედეა ძიძიგური...

მას შექმნილი აქვს უნივერსიტეტის ჰიმნი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 წლისთავს მიუძღვნა და იმ კონკურსში გაიმარჯვა, რომელშიც თავად რევაზ ლაღიძემ მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა. დღეს ეს ჰიმნი უცხოეთის უნივერსიტეტებშიც ჟღერს.

რამაზ გახოკიძეს შექმნილია, ასევე, მეცნიერული კულტურის საერთაშორისო ცენტრის ჰიმნი, რომლისთვისაც ტექსტი დაწერა ფრანგმა მიკრობიოლოგმა, შიდსის აღმომჩენმა გი დე თემ. გახოკიძის მუსიკა, როგორც საკონცერტო პროგრამები და კომპაქტ-დისკები მეტყველებენ, მსოფლიოს საკონცერტო დარბაზებში ბეთჰოვენის, ბახის, მოცარტის, ჩაიკოვსკის და სხვა კლასიკოსების გვერდით ჟღერს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ რამაზ გახოკიძის ნაწარმოებები შეტანილია მსოფლიოში აღიარებული სიმებიანი კვარტეტის "ალექსანდრეს" 21-ე საუკუნის პროგრამაში. სხვათა შორის, ეს კვარტეტი 2000 წელს სტუმრობდა თბილისს და მისი კონცერტის წამყვანი თავად მიხეილ სააკაშვილი გახლდათ.

ბატონ რამაზს ახალი გეგმები და მიზნები აქვს. ეს მიზნები კი ერთნაირადაა დაკავშირებული როგორც ქიმიასთან, ასევე, მუსიკასთან.

და ბოლოს...

მეოთხედიც ვერ ვთქვით... მაგრამ როცა ერთ ადამიანში მეცნიერებისა და ხელოვნების ამგვარ სინთეზზე საუბრობ, ალბათ, აღარ უნდა დასვა კითხვა: "საჭიროა თუ არა კოსმოსში იასამნის რტო?"

გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი",
#15 (2096)

No comments:

Post a Comment