Thursday, March 31, 2011

ზეციური განზომილება


უნივერსიტეტში სწავლის წლები ჩემთვის და ყველა თანაკურსელებისათვის, მათ შორის, პოეტ მაია წიკლაურისათვის, ქიმიური რომანტიკის დაუვიწყარი წლები იყო. მოლეკულათა სტრუქტურის კანონზომიერება და სილამაზე, გატაცება ფერებით, ეფექტური და ვიზუალურად მშვენიერი რეაქციებით, ქიმიურ მოვლენათა სიმდიდრით, ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი გარდა იმისა, რომ მეცნიერულ კვლევებში აღმოგვეჩინა, შეგვეცნო პოეზია. ჩვენი ყოფითი სინამდვილე ხომ მართლაც ფანტასტიკურია და ხშირად დაუჯერებელიც.

განა აღნიშვნის ღირსი არ არის, რომ ჩვენმა ლექტორმა, დიდმა ქიმიკოსმა, პროფესორმა რამაზ გახოკიძემ წარმოგვიდგინა ვარიაციები ცილის თემაზე. უფრო დაზუსტებით რომ ვთქვათ, სიცოცხლის მატერიალური საფუძვლის – ცილის შედგენილობაში შემავალ თითოეულ ამინმჟავას შეუსაბამა განსაზღვრული მუსიკალური ბგერა და ცილის პირველადი სტრუქტურის შესატყვისი მელოდიის ჰარმონიზაციით მიიღო ნაწარმოები ფუგის სტილში და მას სიცოცხლის ფუგა უწოდა.

ამით კომპოზიტორმა, ქიმიკოსმა რამაზ გახოკიძემ გვამცნო, რომ სიცოცხლე თავად მუსიკაა. ჩვენი არხების ყოველი უჯრედი თითქოს მუსიკალური საკრავია, რომელიც ხმიანდება და, ღვთის წყალობით, პოეტური აზროვნების სფეროში ხვდება. ვის სმენასაც სწვდება ეს იდუმალი ხმა, შეუძლია ბუნების ყოველგვარი ჰარმონიული გარდასახვა ლექსად აქციოს.

თამარ გაბროშვილი

“ლიტერატურული საქართველო”, 19-25 იანვარი, 2001; “გაიმეორე სიცოცხლე”, თბილისი, 2004.

No comments:

Post a Comment